იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ზე ქვეყნებში ვაქცინაციის, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის კორელაციაზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნებში, რომლებშიც მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი, სიკვდილიანობა იზრდება, იმ ქვეყნებში კი, სადაც ვაქცინაციის ტემპი მაღალია, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება.
შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში, მოსახლეობის 47,8%-ია სრულად ვაქცინირებული, ისრაელში კი 57%. ორივე ქვეყანაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 2021 წლის მაისიდან თითქმის თანაბარია. ივნისში ბრიტანეთში გარდაცვალების დღიური დღიური მაჩვენებელი 10-ის ფარგლებშია.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც ვაქცინაციის ტემპი დაბალია, ჩანს, რომ სიკვდილიანობა და შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, ბანგლადეშში ორჯერადად მოსახლეობის 2,6% აიცრა, ინდონეზიაში - 4,8%. ორივე ქვეყანაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მზარდია.
კულუმბეგოვი წერს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის დასამარცხებლად ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.
რაც შეეხება საქართველოს, დღეს ქვეყანაში ვირუსის 699 შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა. NCDC-ის ცნობით, 25 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 248 545 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 90 870 ადამიანი.